შენ გაირყვნები...აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები ....ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!
შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად-
და სადაც წახვალ- ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა, მრუშება აგედევნება.
მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: "რისთვის დავანაწილე,
მე სიყვარული ხარისხეულად!
რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რათა ვხდი სარქველს,
რისთვი ვინთები, რისთვის ვიგზნები?"
მაგრამ თუ შემხვდი, ო სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს-
მოვალ და ჩემის ხელით ავკრიფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.
არც გადაკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ , გულს დაგპირდები,
მე ბედნიერი და უბედური
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.
გეტყვი რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი...მომეცი ხელი.......
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი.[FONT=Arial][/FONT]